ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი დაარსდა 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის კათედრების ბაზაზე. საქართველოში გეოგრაფიული დაწესებულებების შექმნის ცდებს ადრეც ჰქონდა ადგილი. ამ საქმის სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერებისა და ქართული გეოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი.

 

ინსტიტუტის მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

პრიორიტეტი I ბუნების სტიქიური პროცესების კვლევა (ანალიზი და პროგნოზი).

პრიორიტეტი II საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ათვისების პრობლემები და პერსპექტივები.

პრიორიტეტი III საქართველოს ბუნებრივი რესურსების კვლევა და შეფასება.

პრიორიტეტი IV მთიანი რეგიონების ლანდშაფტური დაგეგმარებისა და გეოეკოლოგიური ექსპერტიზის მეთოდოლოგიის  საფუძვლების დამუშავება.

 

ინსტიტუტის ხელმძღვანელობით შედგა და გამოიცა საქართველოს სსრ ატლასი (1964 წ.), საქართველოს სსრ კურორტების და საკურორტო რესურსების ატლასი (1989 წ.), საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი (1992 წ.), ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი (1997 წ.), მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მონოგრაფია, აგრეთვე თემატური რუკები საშუალო და უმაღლესი სკოლებისათვის, სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა და სხვა.