განქორწინების პროცესების ტრანსფორმაცია საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
განქორწინება რთული სოციალური პროცესია. მისი განმსაზღვრელი ფაქტორები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ბუნებრივია არ არის დამუშავებული მისი კანონზომიერებების საერთო კონცეფცია. განქორწინებათა რაოდენობას მრავალი გარემოება განაპირობებს, მათ შორის წამყვანი ადგილი სოციალურ-კულტურულ ნორმებს ენიჭებათ, რომლებიც მოცემული დროისათვის ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარებით, ქორწინების არსებული ფორმებით, ქალის მდგომარეობით საზოგადოებაში, ოჯახის ცხოვრების წესით არის განპირობებული. მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის, რელიგიის დამოკიდებულება განქორწინებათა მიმართ.
ისტორიულ წარსულში საქართველოში დაბალი იყო განქორწინებების მაჩვენებელი, რაც უმთავრესად განქორწინებათა მიმართ, მართლმადიდებლური რელიგიის დამოკიდებულებით იყო განსაზღვრული, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავდა განქორწინებას. საბჭოთა ეპოქის 1930- 1960-იანი წლების შუა პერიოდი, კლასიკური მაგალითია თუ როგორ ერეოდა სახელმწიფო ადამიანების პირად ცხოვრებაში და კანონის ძალით როგორ ართულებდა განქორწინებებს.
ყოფილ სსრ კავშირის რესპუბლიკებს შორის, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო განქორწინებათა მაჩვენებელი. უკანასკნელ წლებში განქორწინებათა რაოდენობის ზრდამ საქართველოში პანდემიის სახე მიიღო. დღესდღეობით განქორწინების ზოგადი კოეფიციენტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
წარმოდგენილ სტატიაში შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციაზე და გაანგარიშებებზე დაყრდნობით, გაანალიზებულია განქორწინებათა დინამიკა და გაანგარიშებულია განქორწინებებით გამოწვეული შობადობის დანაკარგები საქართველოში.