თბილისის დიღმის ჭალების გარემოს ფონური მდგომარეობა და არსებული ზეგავლენის შეფასება
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ქალაქ თბილისისთვის დიღმის ჭალების ეკოსისტემის მნიშვნელობა, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების, ქალაქის კლიმატის მდგრადობის და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისათვის. აგრეთვე, მოცემულია არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების შეფასება, რომელიც დაკავშირებულია ურბანული განვითარების, გამწვანების ნაკლებობისა და გარემოს დაბინძურების პრობლემებთან თბილისში, მათ შორის, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე. ნაშრომში განხილულია თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემებმა გავლენა მოახდინოს ქალაქის ეკოსისტემის მდგომარეობაზე და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეკრეაციული ფუნქციის მქონე ლანდშაფტის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რაც განიხილება ქალაქის მოსახლეობის, როგორც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი წამყვან ფაქტორად {1}. სტატიაში, ასევე, განხილულია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, რომელიც 190 ჰექტარ ფართობს მოიცავს და უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემით გამოირჩევა {2}, 2015 წლიდან დაწყებული ანთროპოგენული ზემოქმედების კერძოდ კი სტიქიური ნაგავსაყრელის განთავსების
შედეგად, ეკოსისტემის მდგომარეობაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე წარმოქმნილი რისკები. აღსანიშნავია, რომ დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორიის ეტაპობრივი ათვისება და ურბანული განვითარება სულ რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 2015 წლიდან დაიწყო. აქ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა როგორც ოლიმპიური სოფლის, ისე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ამ პროცესების პარალელურად გამოიკვეთა დიღმის ჭალების სარეკრეაციო პოტენციალი, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 8 ჰექტარ ფართობზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობას, რათა სივრცე უფრო სასარგებლო და მიმზიდველი გახადოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის {3}.