საქართველოში მდგრადი განვითარების პროცესში საავტომობილო გზების მოდერნიზაციის როლი და გეოგრაფიული თავისებურებანი

Main Article Content

ლუიზა ბუბაშვილი

ანოტაცია

მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ვითარების უზრუნველყოფა ცივილიზებული მსოფლიოს განვითარების აუცილებელი პირობა და ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამ საქმეში გარკვეულ როლს სივრცითი (ტერიტორიული) დაგეგმარება ასრულებს და იგი მიიჩნევა ქვეყნის მდგრადი განვითარების და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. დღეს მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა მდგრადი განვითარების პრინციპების რეალიზებას ცდილობს, რაც, თავის მხრივ, იწვევს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდას სივრცითი (ტერიტორიული) დაგეგმარების მიმართ.


სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის სივრცითი (ტერიტორიული) განვითარების საქმეში. სწორედ მისი საშუალებით არის შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება, ინვესტიციის და განვითარების უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შექმნა.


საქართველოს მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მას სწრაფად განავითაროს ეკონომიკა და მჭიდროდ ჩაერთოს საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში. ის თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და ცენტრალური აზიის (აღმოსავლეთის) ქვეყნებს შორის. ასეთი მდებარეობა დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს მას დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის მდგრადი განვითარების პროცესში.


ამ თვალსაზრისით უკვე გადაიდგა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა დასახული მიზნის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვინაიდან საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, აქ ტრანსპორტის სხვა სახეობებთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს საგზაო ინფრასტრუქტურა.


ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარებისათვის საქართველოს მთიანი რელიეფი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. საქართველოს მთიანი რელიეფი ართულებს გზების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას და შემდგომ ექსპლოატაციას. კლიმატური პირობები და სეისმური აქტივობა ართულებს საგზაო და შესაბამისი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას, რომელიც მდგრადი იქნება სხვადასხვა გარემო ზემოქმედების, განსაკუთრებით კი გეოდინამიკური პროცესების მიმართ.


სტატიაში განხილულია ის გამოწვევები, რომელიც ახლავს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროცესს. იგი აისახება საავტომობილო გზების მშენებლობის პროცესზე, რეგიონულ კავშირებზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები:
მდგრადი განვითარება, საზოგადოება, მთიანი რეგიონი, გეოეკოლოგია, საავტომობილო გზები, მოდერნიზაცია
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები