საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ცალკეული პრობლემები და აქტუალური საკითხები. საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების დამატებითი სტიმულირება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, რომლებიც მოითხოვს ევროპული გამოცდილების შესწავლას და შესაბამის საკანონმდებლო უზრუნველყოფას. ევროპის მთიან რეგიონებში შედეგიანად მოქმედებს ალპური და კარპატების კონვენცია, რაც გახდა ამ მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების, კულტურული იდენტობის შენარჩუნების, საერთაშორისო თანამშრომლობის, სამეურნეო საქმიანობის სტიმულირების, განათლების და მეცნიერების
ხელშეწყობის, ცოდნის მიღების და განზოგადების არსებითი წყარო. ალპების და კარპატების განვითარების გამოცდილებით დაინტერესებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მთიანი სახელმწიფო, რაც უკვე აისახა არაერთი მათგანის კანონმდებლობაში (ავსტრალია, კანადა, ჩილე და სხვ.).
მთიან რეგიონებში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მცირე და საშუალო, აგრეთვე განახლებადი ენერგეტიკის განვითარებას და სახელმწიფო სტიმულირებას. ანალოგიური პროექტების განხორციელების ევროპული გამოცდილება, განსაკუთრებით ალპური რეგიონის ქვეყნებში, გვიჩვენებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაგებით და, ხშირ შემთხვევაში, დიდი ენთუზიაზმით ხვდება მათ რეალიზებას.
მთიანი რეგიონების დასაქმებისთვის განსაკუთრებით ეფექტური იქნება წყლის გადამამუშავებელი და ჩამომსხმელი წარმოების განვითარება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყარო, ასევე, შეიძლება გახდეს „ტყის ფაბრიკების“ და სანერგე მეურნეობების შექმნა. ამგვარი მიდგომით გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ტყის მცენარეულობის ექსპორტი (მაგალითად, სოჭის) და ხელი შეეწყობა ხე-ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების მასშტაბების ზრდას.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს მდინარეული ლამის მოპოვება და მთის მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემა სხვადასხვა წყალსაცავის აუზიდან. ამგვარი მიდგომა რამდენიმე ეფექტის მიღწევის წინაპირობაა: იგი ხელს შეუწყობს მთის ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენას, სოფლის მეურნეობს განვითარებას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და წყალსაცავების ენერგეტიკული ეფექტურობის განახლებას.
საქართველოს მთიანი რეგიონების ფარგლებში წარმოდგენილ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებში სახელმწიფოს კულტურული და სივრცითი დაგეგმარების პოლიტიკის მიზანი უნდა გახდეს კულტურული ლანდშაფტების შექმნა (დაარსება), დაცვა და ჰარმონიული განვითარება, კულტურული იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების შენარჩუნება. საწყის ეტაპზე განზრახულია დაარსდეს პირიქითა ხევსურეთის კულტურული ლანდშაფტი პირიქითა ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფარგლებში, რომლის ფართობი შეადგენს 2503 ჰექტარს.
შემდგომში, მიღებული გამოცდილების და საკანონმდებლო უზრუნველყოფის საფუძველზე, ანალოგიური სტატუსი შესაძლებელია გავრცელდეს საქართველოს სხვა რეგიონებზე (სვანეთი – მულახის თემი, მესხეთი – ვარძია, კახეთი – დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ხევი – თრუსოს ხეობა და სხვ,).