მთიანი რეგიონების სამთო-სათხილამურო კურორტებზე კლიმატის ცვლილების გავლენა და ადაპტაციის გამოცდილება
Main Article Content
ანოტაცია
მთები მდიდარია არაერთი სახეობის ბუნებრივი რესურსით, რომელთაგან კაცობრიობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასმელი წყალი, წყლის, მზის და ქარის ენერგია, თერმული და მინერალური წყლები. მთები მსოფლიოში ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, ბუნებრივი სრულყოფილებით და უნიკალობით გამოირჩევა. ამის გამო, მთები მეცნიერებისთვის საუკეთესო „ექსპერიმენტული“ დაკვირვების ადგილია, სადაც თვალსაჩინოა ტექტონიკური, გეოდინამიკური, კლიმატური და ბიოლოგიური მოვლენების და პროცესების გლობალური მიმდინარეობის თავისებურებანი (ელიზბარაშვილი 2018).
მთიანი ტერიტორიები მრავალფეროვანი რესურსების მდგრადი გამოყენების შემთხვევაში, იძლევა მთიანი რეგიონების ეფექტური განვითარების საშუალებას. თუმცა ამჟამად მათ წინაშე დგას არაერთი პრობლემა, რომელთა შორის გამოირჩევა კლიმატის ცვლილების ტენდენციები.
კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგების შერბილებას საერთაშორისო თუ რეგიონულ დონეზე სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ისინი არასაკმარისი მასშტაბისაა, რაც მოითხოვს არსებული ვითარების და გამოცდილების გათვალისწინებას.
სტატიაში განხილულია კლიმატის ცვლილების გავლენა მთიან ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი სამთო-სათხილამურო კურორტების გამოყენების თავისებურებებზე და ადაპტაციის ის გზები, რომლებიც ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.