მთიანი რეგიონების პრობლემატიკა და საერთაშორისო ორგანიზაციები
Main Article Content
ანოტაცია
მთიან ტერიტორიებს მსოფლიოს ხმელეთის ერთი მეხუთედი უკავია. მთათა სისტემები ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, თუმცა მსოფლიოს მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, თუ რას უწოდონ მაღალი მთები. ერთი ყველასთვის ცხადია, რომ ისინი სიმაღლითა და ფერდობთა დახრილობით უნდა ხასიათდებოდეს (გოიშვილი, 2004).
მთები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მდებარეობის, ფართობის, სიმაღლის, ოროგრაფიის, ბუნებრივი პირობების, სიმაღლებრივი სარტყლურობის, გეოპოლიტიკური ვითარების და სხვა არაერთი მაჩვენებლის მიხედვით (გოგოლაძე, 2020). აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ადგი-ლობივი ადათ-წესები მათ კიდევ უფრო გამოარჩევს სხვა ტერიტორიებისგან.
წარსულში სახელმწიფოების მმართველი ორგანოები ცდილობდნენ, განევითარებინათ ბარი და კომფორტული ცხოვრების პირობები შეექმნათ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. სწორედ ეს ტერიტორიები წარმოადგენდა ქვეყნების მშპ-ს წარმოების ძირითად ცენტრს, მთიანი ტერიტორიები კი რჩებოდა განვითარების გარეშე. XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ასევე მცირე იყო მეცნიერების, ექსპერტებისა თუ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების დაინტერესება მთიანი ტერიტორიებით.
მთიანი ტერიტორიების საკითხი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 1992 წელს მოხვდა. რიო-დე-ჟანეიროში გაეროს მიერ გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე, რომლის თემასაც გარემო და განვითარება (UNCED) წარმოადგენდა, შეიმუშავეს პროგრამა (Agenda 21), რომლის მე-13 თავის მიხედვით, მთის მდგრადი განვითარება XXI საუკუნის პრიორიტეტად დასახელდა. სამოქმედო გეგმის მიღება კი UNCED-ის მიერ თითოეული ქვეყნის წარმომადგენლის ხმათა უმრავლესობით მოხდა (Price 1998; Stone 2002).
სტატიაში განხილულია მთიანი ტერიტორიების მნიშვნელობა, მათი გეოგრაფიული პრობლემატიკა და ის საერთაშორისო კონვენციები და ორგანიზაციები, რომელთა მიზანს მთიანი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.