ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ექსპედიცია

 

ფიზიკური გეოგრაფიისა და პალეოგეოგაფიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ 2009 წლის ივნისში ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია გურიის რეგიონში (ხელმძღვანელი გეოგრაფიის  მეცნიერებათა დოქტორი ი. ბონდირევი, წევრები: გეოგრაფიის აკად. დოქტორები გ. ლომინაძე, ე. სალუქვაძე, მეცნიერ თანამშრომელი თ. ჩალაძე).

ექსპედიციის მიზანი იყო გურიის რეგიონის ბუნებრივი გარემოს ცვლილებების დადგენა უკანასკნელი 100 წლის მანძილზე და მასალის დამუშავება GIS – ის მეშვეობით. სამუშაო ითვალისწინებდა: ბუნებრივ–ტერიტორიული კომპლექსების გამოვლენას, მათი საზღვრების დადგენას, ლანდშაფტის ცალკეულ კომპონენტებზე დაკვირვებას, მათ შესწავლას, ანთროპოგენური ზემოქმედების ხარისხის განსაზღვრას და შეფასებას.

 

საველე კვლევები ჩატარდა წინასწარ შერჩეული ეტალონური უბნების ფარგლებში აეროფოტო და კოსმოსური სურათების დეშიფრირების შედეგებისა და ცალკეული ლანდშაფტების საზღვრების დაზუსტების მიზნით.

 

საკვლევი ტერიტორია მოიცავდა გურიის რეგიონის გორაკ–ბორცვიან, დაბალმთიან და საშუალომთიან ზოლს. საველე დაკვირვებები ჩატარდა შემდეგ მარშრუტებზე:

ლიხაური – მდ. აჭისწყლის ხეობა – ნიაბაური – აჭი.

ოზურგეთი – ჩოხატაური – ნაბეღლავი – ჩხაკოურა – ბახმარო.

ოზურგეთი – ბათუმი – ქობულეთი – ნატანები – გრიგოლეთი.

 

ექსპედიციის მარშრუტი დაიწყო სოფ. ლიხაურიდან მდ. აჭისწყლის ხეობის გაყოლებით, რომელიც ლიხაურის მიდამოებში საკმაოდ ფართო ჭალას ივითარებს.

 

ხეობის გასწვრივ ორივე მხარე წარმოდგენილია ანთროპოგენური ლანდშაფტით: სიმინდის ყანებით, ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურებით და ხეხილის ბაღებით, ხოლო სოფ. ნიაბაურის ტერიტორიაზე ციტრუსებით და ჩაის პლანტაციებით. ეს უკანასკნელი ბევრგან გაჯაგებულია და ეკალბარდით და გვიმრით არის დაკავებული, ზოგან კი ბუჩქები ფესვებიანად არის ამოძირკვული, როგორც ჩანს მის ადგილს მომავალში სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა დაიკავებს.

 

ოზურგეთი-ჩოხატაური-ნაბეღლავი-ჩხაკოურა-ბახმაროს მარშრუტის მიზანი იყო ბახმაროს და მისი მიდამოების შესწავლა. როგორც ცნობილია მწვანე საფარი, ტყე გადამწყვეტ როლს ასრულებს კურორტ ბახმაროს კლიმატის ჩამოყალიბებასა და სრულყოფაში, საუკუნოვანი ნაძვისა და სოჭის ტყის მასივი, რომლითაც კურორტის ირგვლივ აღმართული მთებია შემოსილი, გზას უღობავენ ალპური ზონიდან წამოსული ცივი ქარების მოძრაობას, ნიაღვრებსა და თოვლის ზვავებს. ამასთან ნაძვის და სოჭის მიერ გამოყოფილი ფიტონციდები მეტად ეფექტურია და კურორტის სამკურნალო თვისებებს კიდევ უფრო ზრდის. აქ ხდება მთისა და ზღვიდან წამოსული ჰაერის მასების შერწყმა, რაც კურორტ ბახმაროს უნიკალურობას ანიჭებს.

დღეს კი ბახმაროს ლანდშაფტები, განსაკუთრებით კი  ტყეები სავალალო მდგომარეობაშია: ტყის განაჩეხ ადგილებში, უკონტროლო საზაფხულო დასახლებებში ხდება საკმაოდ მაღალი დაქანების ფერდობების დამუშავება, ნიადაგური საფარის გაფხვიერება და იქ სასოფლო –სამეურნეო კულტურების (ძირითადად კარტოფილის) თესვა, ეს კი ხელს უწყობს ტყის ზედა ბუნებრივი საზღვრის ქვევით დაწევას. სამწუხაროდ ასეთი ვითარება მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბახმაროსა და მის  მიმდებარე ადგილებში ინტენსიური ღვარცოფული ნაკადების წარმოშობისათვის მეწყერების,ზვავების გააქტიურებისთვის.

 

დიდია მეჩხერიანობა ტყეში, ბევრგან შეინიშნება მცენარეთა პარაზიტული მავნებლების  მიერ დაზიანებული ხეები, აღმონაცენი საკმაოდ არის, მაგრამ მაინც მცირეა, რაც უსისტემო ჭრების და პირუტყვის თარეშის შედეგია, ეს უკანასკნელი კი მრავლად არის კურორტზე _ აჭარიდან ამოჰყავს მოსახლეობას ზაფხულის სეზონში  ალპურ საძოვრებზე, თვითონაც იქ ატარებენ მთელ ზაფხულს, ამზადებენ რძის ნაწარმს და იქვე ყიდიან. მდინარე ბახვისწყლის გასწვრივ, დინების აყოლებაზე ბევრგან იყო მოჭრილი ხეები, აგრეთვე უკვე დამუშავებული და გასატანად გამზადებული ხის მასალა.Aუცილებელია ბახმაროში და მის შემოგარენში სამასალე მერქნის დამზადების აკრძალვა, უნდა აიკრძალოს აგრეთვე პირუტყვის თარეში.

 

თითოეულ ეტალონურ უბანზე სიმაღლისა და კოორდინატების მონაცემები აიგეგმა GPS – ის მეშვეობით. ველზე მოპოვებული მასალების, კარტოგრაფიული წყაროების, აეროფოტოსურათების დეშიფრირების, GIS ტექნოლოგიებისა და ლიტერატურული მასალების გამოყენებით შედგენილ იქნა ბახმაროს მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა.

 

რთული კრიზისული ვითარებაა შექმნილი აჭარა-გურიის სანაპირო ზოლშიც. აქ ბუნებრივი პროცესების მკვეთრ დარღვევას საუკუნეზე მეტი ხნის ხანგრძლივობა აქვს. ზღვის ნაპირის სხვადასხვა მონაკვეთზე განვითარებულია ეროზიული პროცესები, ზოგან კი პლაჟის საფარი თითქმის მთლიანად გაქრა.

 

სანაპირო ზონაში შექმნილი კრიზისული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. როდესაც თურქეთში მდ. ჭოროხის აუზში დაიწყო კაშხლების მშენებლობა. მშენებლობის შედეგად პრაქტიკულად შეწყდა ჭოროხის მიერ მყარი ნატანის შესართავში ტრანსპორტირება, რის შედეგადაც  ე.წ. ჭოროხის ლითოდინამიური სანაპირო სისტემის მექანიზმის სამხრეთი ნაწილი დარღვეული აღმოჩნდა (სოფ. გონიო-ბათუმის პორტის მონაკვეთი). შემუშავებული პროგნოზის მიხედვით მომავალი 20-25 წლის განმავლობაში მოსალოდნელია ზღვის ნაპირის ძლიერი წარეცხვა (25-30 ჰა) ჭოროხის შესართავიდან ვიდრე ბათუმის პორტამდე. კანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა ადრე შემუშავებული პროგნოზი კიდევ უფრო დააზუსტა და აჩვენა, რომ ამჟამად ზღვის ფსკერზე და მდ. ჭოროხის კალაპოტში (საქართველოს ფარგლებში) განვითარებული პროცესები უფრო ინტენსიურია. ამიტომაც, ნაპირის წარეცხვის ადრე მოსალოდნელი სიჩქარე შესაძლოა გაიზარდოს და 20-25 ჰა გაირეცხოს არა 20-25 წელიწადში, არამედ 10-15 წელიწადში.