ჰიდროლოგია–კლიმატოლოგიის განყოფილების ექსპედიცია

 

თანამედროვე პერიოდში დედამიწის ყველა წერტილში, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში ძლიერ გახდა საგრძნობი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები. იმატა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევებისა და ზარალის რიცხვმა, ჰაერის საშუალო ტემპერატურისა და მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, რაც თავისთავად იწვევს ამა თუ იმ სტიქიური პროცესის ინტენსივობას და სიხშირეს. სამეცნიერო წრეებში ერთხმად არის აღიარებული, რომ ყველა ამ პროცესის გააქტიურების მიზეზი გახლავთ ანთროპოგენური ფაქტორით გამოწვეული გლობალური დათბობა. იმისათვის, რომ სრულყოფილად იქნას შესწავლილი საქართველოს თანამედროვე კლიმატის ცვლილებები, საჭიროა საქართველოს წარსულის კლიმატის საფუძვლიანი გამოკვლევა და კლიმატის ცვლილების სტრუქტურის დადგენა. კლიმატის კლასიკური ფორმულის თანახმად „რაც არის, _ ის იყო და, რაც იყო, _ ის იქნება“.Aამიტომაც საინტერესოა რა ხდებოდა საუკუნეების წინ? საქართველოში როგორი მსვლელობა ახასიათებდათ ძირითად მეტეოროლოგიურ ელემენტებს – ჰაერის ტემპერატურასა და ატმოსფერულ ნალექებს, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების ერთერთ ძირითად აგენტებს წარმოადგენენ? 

 

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მკვლევარები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, რის საფუძველზეც საინტერესო დასკვნებია გაკეთებული. ერთერთ ასეთ მეთოდს დენდროკლიმატოლოგია წარმოადგენს, რაც ისტორიული პერიოდის ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების - ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების მონაცემების აღდგენას გულისხმობს დიდხნოვანი ხის რგოლების რაოდენობით, მათი სიხშირის დათვლით და მისი ლაბორატორიული დამუშავებით.  

 

საქართველო, რომელიც პოლიკლიმატური ქვეყანაა და მრავალფეროვანი ხე-მცენარეთა სპექტრია წარმოდგენილი მსგავსი კვლევები არასოდეს ჩატარებულა. ხის რგოლების მეთოდით ისტორიული პერიოდის კლიმატის შესწავლა კი მსოფლიოში ფართოდ არის აპრობირებული და მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული.

 

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კლიმატოლოგებმა მეცნ.აკად.დოქტორის დალი მუმლაძის ინიციატივით სამეცნიერო საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტად აირჩიეს დენდროკლიმატოლოგია. კვლევის წარმოებისათვის მათ პროექტი ,,საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრუქტურა უკანასკნელ ათასწლეულში” წარადგინეს საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

 

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების გამო სხვადასხვა მიზნით მთელი ქვეყნის ფარგლებში ხე-ტყის უკანონო ჭრა დიდი მასშტაბით ხორციელდებოდა. ამ პროცესმა ხელი შეუწყო უნიკალური ჯიშის დიდხნოვანი ხეების განადგურებას. ერთადერთი ობიექტი, სადაც მოხდა მათი მეტ-ნაკლებად კონსერვაცია და უკონტროლო ჭრის პროცესის შეჩერება, გახლდათ ნაკრძალები. სწორედ ამიტომ, ჩვენი კვლევის სამიზნე დაცული ტერიტორიები აღმოჩნდა. საკვლევ ობიექტად კი აჭარა შევარჩიეთ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ თავისებური და განუმეორებელი მხარეა - ჰავის, ნიადაგსაფარის, ლანდშაფტების უნიკალობის თვალსაზრისით, თავისი სამხრეთული მდებარეობით, ადგილობრივი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით, სამი უნიკალური დაცული ტერიტორიითა და ბოტანიკური ბაღით, სადაც თითქმის ხელუხლებლად არის წარმოდგენილი კოლხური ტყე ენდმური სახეობებით.     

 

2009 წლის 16-25 სექტემბერს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დ. მუმლაძე და მეცნიერ-თანამშრომელი ნ. ლომიძე ვიმყოფებოდით ექსპედიციაში აჭარის რეგიონში. კვლევის მიზანი გახლდათ ამ მხარეში არსებული დიდხნოვანი ხეების დაზვერვა, დიამეტრის გაზომვა, GPშ-ის გამოყენებით მათი ადგილმდებარეობის დაფიქსირება და შემდეგ დატანა რუკაზე GIშ-ის სისტემების გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიული პერიოდის კლიმატის კვლევა დენდროკლიმატოლოგიური მეთოდით დიდ დაფინანსებას მოითხოვს ჩვენი საზაფხულო ექსპედიციის ძირითადი ამოცანა იყო დიდხნოვანი ხეების არსებობის დადგენა, აღნიშნული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან კონტაქტის დამყარება სამომავლოდ კვლევის შესაძლო წარმოების მიზნით (მათგან ერთგვარი დასტურის მიღება), მომავალი სამუშაო პირობების შეფასება.

 

პირველი ობიექტი, საიდანაც დავიწყეთ სამუშაოს შესრულება გახლდათ ბათუმის ბოტანიკური ბაღი. იგი მწვანე კონცხზე მდებარეობს. მისი ფართობი შეადგენს 114 ჰა-ს. ბაღი ზღვის დონიდან 0-220 მ. სიმაღლის ფარგლებშია განლაგებული და მოიცავს რელიეფის ყველა იმ ელემენტს, რაც აჭარის სანაპიროს ზღვისკენ მიქცეული წინა ფერდობებისთვისაა დამახასიათებელი. ბაღი შედგება 2037 ტაქსონომიური ერთეულისაგან. ამათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო 1540 ტაქსონი საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნის ფლორის წარმომადგენელია.

 

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩვენ კვლევას ვაწარმოებდით კავკასიური ტყის განყოფილებაში, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი დიდხნოვანი ხე-მცენარეები.  იქ მომუშავე დენდროლოგობის დახმარებით ჩვენ ვიზუალურად შევაფასეთ და GPშ-ის გამოყენებით კოორდინატები ავიღეთ 15 იმ დიდხნოვანი ხისა, რომელთა ასაკიც 300 წელს და უფრო მეტს შეადგენდა. სწორედ ამ ხნის და უფრო მეტი ასაკის ხეებით ვართ ჩვენ დაინტერესებულნი. რათქმა უნდა ხის ასაკის ზუსტი განსაზღვრა მისი გადაჭრით და რგოლების დათვლით ან ,,პრესლერის ბურღის” გამოყენებით დგინდება, რაც იმ ხანად არც ჩვენ და არც ადგილობრივ მკვლევარებს გააჩნდათ ხელთ, მაგრამ ასაკოვანი ხეების შერჩევა მათ მიერ ადრეულ პერიოდში დათარიღებით და ხის ბუნებრივი მაჩვენებლების მიხედვით (სიმაღლე, დიამტერი, ვარჯი) მოხდა.

 

კოორდინატები აღებულ იქნა ხეების შემდეგ სახეობებზე:  მუხა  (Quercus); რცხილა (Carpinus); ნეკერჩხალი  (Acer); წიფელი (Fagus);); წაბლი (Castanea); ბზა (Buxus); ნაძვი (Pícea); ფიჭვი (Pinus); სოჭი (Abies); ცაცხვი (Tilia);); წყავი (Laurocerasus oppicinali). 

 

ხართვისის მუხა

 

 

კვლევის მეორე ობიექტს წარმოადგენდა ქობულეთის რაიონში მდებარე კინტრიშის დაცული ტერიტორიები, რომლის ფართობია 13 893 ჰა. აქედან 10 703 ჰა ნაკრძალს უკავია, ხოლო 3 190 ჰა დაცულ ლანდშაფტს; დაცული ტერიტორიები მდებარეობს ზღვის დონიდან 350-2600 მეტრის ფარგლებში. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. მათგან 46 ხის სახეობაა.

 

ჩვენდა სასიხარულოდ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე მრავლად არის დიდხნოვანი ხეები. იქ არსებული ხის სახეობებიდან გვინდა გამოვყოთ უთხოვარი (Táxus baccáta), როგორც უძველესი რელიქტი და ბუნების უნიკალური ძეგლი. იგი საქართველოში განსაკუთრებული დაცვის ობიექტია და შეტანილია ,,წითელ ნუსხაში”.  ის უაღრესად ნელა მოზარდი ხეა. წელიწადში 2-3 მილიმეტრით მატულობს. ყველაზე ხელსაყრელ ნიადაგობრივ პირობებში 10 წლის მანძილზე იგი ერთ მეტრამდე ძვლივს იზრდება. მისი წიწვები 8-10 წელიწადს ცოცხლობს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით უთხოვარი 4000  წლამდე ხარობს.

უთხოვარი

უთხოვარი ერთადაერთი წიწივოვანი სახეობაა, რომლის ნაყოფიც გირჩი არ არის.

 

ნაკრძალის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად ჩვენ სამუშაო ჩავატარეთ ოთხ ძირ უთხოვარზე (Castanea), რომელთა ასაკი 1000 წელს აჭარბებს. ამაზე კარგად მიუთითებს როგორც მათი დიამეტრი, ისე სიმაღლე. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ამ სახეობის მეტი ძირი ხარობს, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამოდენიმეს ნახვა მოვახერხეთ დროის სიმცირისა და მისადგომად უაღრესად რთული მდებარეობის გამო.

 

კინტრიშის დაცულ ტრიტორიებზე რათქმაუნდა კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი სხვა დიდხნოვანი ხის სახეობებიც არის, მაგრამ იმის გამო, რომ მათი ასაკი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ბოტანიკური ბაღში არსებულისა, მთელი სამუშაო დრო გადავანაწილეთ  უთხოვარზე – ამ უნიკალურ, ათასAწლოვან ხის ჯიშზე.

 

კინტრიშის ნაკრძალში მოგზაურობისას ჩვენ თან გვახლდა ქობულეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც დაგვიდასტურა ბევრი დიდხნოვანი ხის არსებობა მათ სამუშაო ტერიტორიაზე. მან დიდი დაინტერესება გამოთქვა ჩვენი კვლევის მიმართ და ხელშეწყობას დაგვპირდა კვლევის გაფართოების შემთხვევაში.

 

კვლევის მესამე ობიექტი იყო კოლხური ტიპის ტყის დაცვის მიზნით, 2006 წელს შექმნილი მტირალას ეროვნული პარკი. მდიდარი და მრავალფეროვანია მტირალას ფლორა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელელბულია, როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარის (Castanea), წიფლნარის (Fagus) და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისათვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის (Rododendron luteum) ბუჩქებით. ეს ტერიტორია ყველაზე ჭარბ-ტენიანი ადგილია საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ზღვის დონიდან 1381 მეტრზე მდებარე მთა მტირალა, სადაც ყოველ წლიურად 4520 მმ. ნალექი გამოიყოფა.

 

მტირალას ეროვნული პარკის მეცნიერ-თანამშრომლების დახმარებით ჩვენ აქ დაცული ფლორის მხოლოდ მცირე ნაწილის ნახვა შევძელით. რეგიონში არსებულ სხვა დაცულ ტერიტორიებთან შედარებით, ფერდობების დიდი დახრილობის გამო მხოლოდ რამოდენიმე დიდხნოვან ხეზე  ჩავატარეთ აზომვითი სამუშაოები: წიფელი, ცაცხვი, წაბლი. 

 

აჭარის რეგიონი დენდროკლიმატოლოგიური კვლევის კუთხით ძალიან საინტერესო მხარეა. აქ საკმაო რაოდენობითაა შემონახული დიდხნოვანი ხეები, როგორც დაცულ ტერიტორიებზე, ისე ტყეებში. ამ უკანასკნელში კი უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი ჩვენი კვლევითი საქმიანობის წარმოება.

 

ჩვენი ათ დღიანი ექსპედიციის ფარგლებში, აქაური, ხშირად ცვალებადი ამინდის გათვალისწინებით, შევძელით 2 დაცულ ტერიტორიაზე და ბოტანიკურ ბაღში დათვალიერება-დაზვერვითი სამუშაოს ჩატარება. ამ ობიექტების ხელმძღვანელობასთან კავშირის დამყარება და სამომავლო თანამშრომლობაზე ერთგავარი პირობის დადება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეცნიერ-თანამშრომლების თხოვნით ჩვენს მიერ გაკეთებულ იქნება ამ ტერიტორიის რუკა GIშ სისტემებში (რუკა ამჟამად დამუშავების პროცესშია). 

 

თუკი ჩევნს მიერ საფუძველი ჩაეყრება საქართველოს ისტორიული პერიოდის კლიმატის კვლევას დენდროკლიმატოლოგიურ მეთოდით, სამუშაო პროცესი არა მხოლოდ კლიმატოლოგებისათვის იქნება საინტრესო, არამედ დაცულ ტერიტორიებში მომუშავე მეცნიერთათვისაც, რადგანაც მოხდება ხეების ხელახალი პასპორტიზაცია და მათი რუკაზე გამოსახვა GIS სისტემებში.