საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების 2009 წლის ექსპედიცია

 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების  კახეთის სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში
(14-28 სექტემბერი, 2009 წ.)

 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მიერ ჩატარდა ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებული საველე სამუშაოები კახეთის რეგიონში – თემა: “საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ათვისების პრობლმები და პერსპექტივები”.

 

საველე სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ განყოფილების წევრები: კობა ხარაძე (უფ.მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპედიციის ხელმძღვანელი), ნანა ნადარეიშვილი (უფ.მეცნიერ-თანამშრომელი), მზია თუთბერიძე (მეცნიერ-თანამშრომელი), რუსუდან თევზაძე (მეცნიერ-თანამშრომელი), მერაბ გონგაძე (უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), თეონა თიგიშვილი (ლაბორანტი). ექსპედიციის  წევრებს დავალებული ჰქონდათ გარკვეული საკითხები და ამის მიხედვით ხდებოდა ადგილზე კვლევა და მასალების შეგროვება.

 

ექსპედიციამ ავტომანქანით მოიარა კახეთის რვავე რაიონი (თუშეთის გარდა) - საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს. მნიშვნელოვანი იყო ბუნებისა და მატერიალური კულტურის ძეგლების ადგილზე მონახულება და მათი ტურისტულ ობიექტებში ჩართვის პერსპექტივა, ასევე მოხდა ნანახი ადგილების ფოტოგრაფირება, რაც წარმოდგენილია ექსპედიციის საბოლოო ანგარიშში.

 

ექსპედიციის მიზანი იყო მისი ბუნების და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ადგილზე მონახულება, მათი მდგომარეობის დაფიქსირება, ადგილმდებარეობის დადგენა (ლოკალიზაცია) და მათი ტურისტული ობიექტების შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:


. კულტურული ობიექტის სიძველე და უნიკალურობა;

. ობიექტის ადგილმდებარეობა: მისადგომობა-მიკრომდებარეობა, მისაწვდომობა- მაკრომდებარეობა და მოხვედრის საშუალება-სატრანსპორტო გზის არსებობა, ბილიკი, ველოსიპედი, ცხენი, დასახლებულ პუნქტთან  (სოფელთან ან ქალაქთან) სიახლოვე, გზის მდგომარეობა, გამტარუნარიანობა სეზონების მიხედვით;

. კომუნიკაციის და კეთილმოწყობის დონე, რესტავრაციის საშუალება;

ყურადღება, გამოხატული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ვის გამგებლობაში ან დაქვემდებარებაში იმყოფება;

.ისტორიული მნიშვნელობა;

. მეცნიერული ღირებულება;

. გარემოსთან შერწყმის ხასიათი ანუ ლანდშაფტურ-ესთეტიკური აღქმის ხარისხი;

სხვა ობიექტის სიახლოვე, კომპლექსურობის მაგალითი, რაც ზრდის ღირსშესანიშნავი ადგილის მნიშვნელობას;

. ინტერესის მრავალფეროვნების კოეფიციენტი ანუ სპეციფიკურობის/შემეცნებითი მრავალმხრივობის ხარისხი;

. შეუდარებლობა და შედარებითობა სხვა ანალოგიური ნიშნის Mმქონე ობიექტთან;

. ობიექტის მდგრადობა და მისი მომავალი (ტექნიკური  მდგომარეობის და პერსპექტიულობის თვალსაზრისით);

. ობიექტი, როგორც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ღირსშესანიშნაობა კატეგორიების მიხედვით (ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული, მსოფლიო).

 

 

განხორციელდა შემდეგი მარშრუტები, რომელთაც ჰქოდათ ზოგს წრიული, ზოგს რადიალური და ზოგს ხაზობრივი სახე:

1. თბილისი-უჯარმა-თეთრი წყლები-შუა მთა-თელავი-ზემო ხოდაშენი

2. ზემო ხოდაშენი-ალავერდი, ზემო ხოდაშენი-იყალთო-კისისხევი, კისისხევი-თელავი-ზემო ხოდაშენი.

3. ზემო ხოდაშენი-ოჟიო-ქვემო ალვანი-ნაფარეული-ყვარელი-დურუჯის ხეობა

4. ლაგოდეხი-ლაგოდეხის ნაკრძალი-ყვარელი-ნეკრესის მონასტერი-ზემო ხოდაშენი.

5. ზემო ხოდაშენი-მატანი-ახმეტა-დუისი-ბირკიანი (პანკისის ხეობის უკანასკნელი სოფელი).

6. ზემო ხოდაშენი-ალაზნის ხეობა (პანკისი). ხადორთან (ალაზნის და მისი მარცხენა შენაკადის- სამყურის წყლის შეერთების ადგილი) აგებული ხადორჰესი-სამყურის წყლის ხეობა ჩანჩქერამდე, სადაც ბეტონის წყალშემკრები აუზია აშენებული ხადორჰესის ტურბინების ამუშავების მიზნით- კაკლნარი (კაკლების ტყე), რომლის მიდამოები დროებით მოსახლეებს (ზაფხულის სადგომები) უკავიათ.

7. მატანი-ახმეტა-კვეტერის სამონასტრო კომპლექსი (ცისფრად მოჭიქული კრამიტებით გადახურული ეკლესია და სასახლის ნანაგრევები) -ზემო ხოდაშენი.

8. ზემო ხოდაშენი-თეთრი გიორგი-თელავი-ლოპოტის ტბა-ნაფარეული-ფშაველი.

9. ქვემო ალვანი (იოანე ნათლისმცემელის სამნავიანი ბაზილიკა)- ნასოფლარი ბაიხო (ტყის პატარა კორომში ჩაფლული)-ზემო ხოდაშენი.

10. ზემო ხოდაშენი-ვანთა (ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, აბანო)-აკურა (მამა დავითის სამნავიანი ბაზილიკა ტყეში)- გურჯაანი-ახტალა-ორგუმბათიანი გურჯაანის ყველაწმინდა.

11. ვეჯინი (მონასტერი და ციხე-სიმაგრე ერთად)-კარდენახი (ჯვარგუმბათიანი საბაწმინდის ტაძარი)-სიღნაღი-დედოფლისწყარო.

12. დედოფლისწყარო-ვაშლოვანის ეროვნული პარკი-პანტიშარას ხეობა-ხორნაბუჯი-დედოფლისწყარო.

13. დედოფლისწყარო-ოზაანი-ტიბაანი-ხირსის მონასტერი-ბოდბე-სიღნაღი.

14. სიღნაღი-გურჯაანი-ველისციხე-ჭერემი-გურჯაანი.

15. გურჯაანი-ზიარი-დარჩეთი-კაჭრეთი-საგარეჯო-ნინოწმინდა-ხაშმის სამება-თბილისი.

 

მასალა, რომელიც დამუშავებას ექვემდებარება წარმოდგენილია ექსპედიციის მონაწილეთა დღიურებში, ჩატარებულ საუბრებში და ფოტოილუსტრაციებში, რომლის ნაწილიც დართულია ექსპედიციის ანგარიშში.