საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები FR/218/9-280/13

 

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მოქმედების პერიოდი: 2014-2017 წწ.

ხელმძღვანელი: ნანა ბოლაშვილი

 

კვლევის ობიექტს წარმოადგენს მიგარიას კირქვული მასივი, იგი 17 კმ მანძილზე ვრცელდება. დაკარსტული ტერიტორიის ფართობი 75 კმ2–ს შეადგენს, რომლის წიაღში ჩაღწევის სავარაუდო სიღრმე 1500-1600 მ–ია.  მასივის ფარგლებში არსებული ბუნების მიერ შექმნილი ულამაზესი ფორმები - კარსტული მღვიმეები, კანიონები, ჩანჩქერები და წყალუხვი ვოკლუზური წყაროები  ტურისტთა დაინტერესების წყაროს წარმოადგენს.  მიგარიას მასივის შესწავლა უკანასკნელ პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დაინტერესების საგანი გახდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაოსნობით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა რაიონის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. კერძოდ, დაგეგმილი იქნა რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რომელთაგან ერთ-ერთი  „შურუბუმუს“ მღვიმის დათვალიერებით იწყება, მიუყვება გვალაშარის კანიონს და მიემართება ,,ტობავარჩხილის” ტბებისაკენ. 2011 წლიდან დღემდე ,,ტობავარჩხილის” ტბები 7000-მდე ვიზიტორმა მოინახულა. მოსალოდნელია ტურისტთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება. ჩვენს მიერ დაგეგმილი სამეცნიერო გამოკვლევებით გათვალისწინებულია აღნიშნული მარშრუტის პოტენციური შესაძლებლობის შესწავლა და მისი რეკრეაციული პირობების მეცნიერული  დასაბუთება.

საგრანტო თემის პროექტის მიხედვით დაფარული სტრუქტურული ერთეულების გამოვლენისა და გადევნების მიზნით გამოყენებული იქნება ძიების ელექტრომეტრული მეთოდები მუდმივი დენის გამოყენებით, რომელიც ხვედრითი ელექტრული წინააღმდეგობის მიხედვით საკმაოდ დიდი სიზუსტით ახდენს შესასწავლი გარემოს დიფერენციაციას, კირქვების სიმძლავრისა და ფართის დადგენას, ნაპრალური სტრუქტურების გამოვლინებას და ფილტრაციული ნაკადების მიმართულების დადგენას.