კახეთის წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძვლის შექმნა AR/121/9-180/13

 

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მოქმედების პერიოდი: 2014-2016 წწ.

ხელმძღვანელი: ვახტანგ გელაძე

 

კვლევის სიახლეა წყლის რესურსების მართვის საფუძვლის შექმნა გეოსაინფორმაციო სისტემების საშუალებით, რომელიც მომავალში, როგორც საფუძველი, გამოყენებული იქნება წყლის რესურსების მართვის თანამედროვე მექანიზმების დასანერგად. 

საკვლევ რეგიონად შერჩეულია კახეთი, მისი ფართობია 12,2 ათასი კვ.კმ. იგი მდიდარია ნაყოფიერი მიწებით და საძოვრებით. არის ქვეყნის მევენახეობისა და მემარცვლეობის წამყვანი რეგიონი. კახეთი გამოირჩევა საქართველოში წყლის რესურსების დეფიციტით, მოიცავს ივრისა და ალაზნის მდინარეთა აუზებს. ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებები  იწყება მეოცე საუკუნის 20–იანი წლებიდან. კახეთის ტერიტორიაზე  სხვადასხვა დროს მოქმედებდა 40–მდე ჰიდროლოგიური სადგური. დღეისათვის ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი სადგური (მდ.ალაზანი–სადგ. შაქრიანი). მისი დაკვირვების პერიოდი იწყება 1925 წლიდან. სხვა სადგურებზე არსებული დაკვირვების რიგი 25–30 წლიანია. აქ 2000-ზე მეტი მდინარეა, რომელთა დიდი ნაწილის სიგრძე (95 %) 10 კმ-ს არ აღემატება. მდინარეთა ქსელის სიმჭიდროვე შეადგენს 0,45 კმ/კმ2-ს.

წყალმცირე პერიოდებში ხშირად ჩამონადენი ეკოლოგიურ ნორმაზე დაბალია. რეგიონში ადგილი აქვს წყლის რესურსების არარაციონალურ ხარჯვას და არამიზნობრივ გამოყენებას.  რეგიონი ასევე წარმოადგენს გაუდაბნოებისადმი მგრძნობიარე-მოწყვლად ტერიტორიას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს მტკნარი წყლის პრობლემას, და სავარაუდოდ, გამოიწვევს ამ რაიონებიდან მოსახლეობის მიგრაციას. პროგნოზის თანახმად (საქართველოს მე–2 ეროვნული შეტყობინება კლიმატის ჩარჩო კონვენციისათვის, 2009) 21–ე ს–ის დასასრულისათვის კახეთის სამხრეთ ნაწილში მოსალოდნელია ჰიდროთერმული კოეფიციენტის მნიშვნელობის 1,1–დან 0,7–მდე შემცირება. რაც რეგიონის კლიმატს მშრალი სუბტროპიკებიდან  ძლიერ არიდულ კატეგორიაში გადაიყვანს. გავლენა მეტნაკლებად გავრცელდება კახეთის მთელ ტერიტორიაზე. კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე აღნიშნული პროცესის შერბილებისა და შეგუების ერთ–ერთი ყველაზე რეალური ქმედითი ღონისძიებაა მართვად წყალმოხმარებაზე გადასვლა წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კახეთის წყლის რესურსები მართვის თვალსაზრისით წარმოადგენს მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტს, სადაც ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების ფასი უაღრესად მაღალია. მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია მართვად წყალმოხმარებაზე გადასვლა და წყლის დეფიციტის ან სიჭარბის შეფასება მის მოთხოვნილებასთან მიმართებაში.