დაკვირვება მღვიმის ჰაერის მეტეოროლოგიური ელემენტების მსვლელობაზე

 

გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერები წლების მანძილზე (1985–2007) აკვირდებოდნენ წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმის ბუნებრივი სასიცოცხლო რიტმის მსვლელობას. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ა.წ. თებერვალში პირველად მოგვეცა შესაძლებლობა დაკვირვება გვეწარმოებინა მღვიმის ჰაერის მეტეოროლოგიური ელემენტების მსვლელობაზე. საატრაქციონო ტრასის გასწვრივ დაკვირვება ჩატარდა ორ ეტაპად: 1. მღვიმის დასვენების პერიოდში (24.02), როდესაც საექსკურსიო ტრასა 24 საათის განმავლობაში თავისუფალი იყო ექსკურსანტებისაგან და 2. მღვიმის 7 საათიანი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ (25.02).

დადგინდა: მღვიმის ერთსა და იმავე უბანში ჰაერის ტემპერატურის თითქმის სინქრონული მატებაა 0,20–ის ფარგლებში. მომდევნო სამუშაო დღის დასაწყისში (დილის 10.00 სთ), კი, მღვიმე თავის ჩვეულ, ბუნებრივ სასიცოცხლო რიტმს უბრუნდება, ე. ი. ფიქსირდება ჰაერის ის ნომინალური ტემპერატურა, რომელიც წინა სამუშაო დღის დასაწყისისათვის იყო ნაჩვენები.

მსგავსი მოვლენა  თითქმის ყველა კეთილმოწყობილი მღვიმისათვის არის დამახასიათებელი. თუმცა, სისტემატიურად უნდა წარმოებდეს კონტროლი მღვიმის შიდა გარემოს კლიმატური, ჰაერის იონიზაციისა და რადიოაქტიურობის უწყვეტი მონიტორინგის საკითხებზე, ჰაერის აირულ და ბაქტეოროლოგიურ შედგენილობაზე; საჭიროა გაგრძელდეს დაკვირვება მღვიმის ამგებელი ქანების მდგრადობაზე, ნაპრალიანობის მოსალოდნელ ზრდაზე; მიწისქვეშა წყლების დონეების დღეღამურ და სეზონურ ცვალებადობაზე, მათი გაჭუჭყიანების საშიშროებაზე.