ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და ლიტვის სპელეოლოგიური ასოციაციის სპელეომყვინთავთა ერთობლივი ექსპედიცია

 

მიმდინარე წლის მარტში მოეწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და ლიტვის სპელეოლოგიური ასოციაციის სპელეომყვინთავთა  ერთობლივი ექსპედიცია.  წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმის სანაოსნო მონაკვეთში მყვინთავების (ვიტის ვილკასი და დონატას ზვიჩევისიუსი) მიერ გავლილი იქნა მანამდე სრულიად უცნობი 280 მ სიგრძის წყლიანი და მშრალი დერეფნები. დაძლეულ იქნა 50, 35 დ 30 მეტრი სიგრძის სამი სიფონური ტბა, გამოკვლეულ იქნა ორი წყლიანი და ერთი ნახევრად დატბორილი მშრალი გალერეა. მოპოვებული მასალები დამუშავების სტადიაშია. გადაღებულია ვიდეო ფილმი. ქართველი და ლიტველი მკვლევრების მიერ მონიშნულ მღვიმეებში წყალქვეშა სამუშაოების გაგრძელება ა.წ. ზაფხულის საექსპედიციო სეზონისათვის არის დაგეგმილი.

ლიტველ მყვინთავთა მონაცემებზე დაყრდნობით, წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმის სანაოსნო მონაკვეთში დაზვერილ სიფონურ დერეფანს რთული მორფოლოგია აქვს. 









სიფონის წინა ნაწილის ფსკერი ყურადღებას იპყრობს მოგლუვებული ზედაპირებით, შეინიშნება როგორც ლოდნარი, ისე ქვიშიან-თიხიანი ნაფენები. სიფონური დერეფნის შორეულ ნაწილში - შესასვლელიდან 50-ე მეტრზე ჩნდება ჰაერის პირველი კამერა საკმაოდ გრძელი (70X40X20 მ)  დერეფნით. წყლისაგან თავისუფალი სივრცეები გამოვსებულია მოზრდილი ნაღვენთი წარმონაქმნებით.

აღნიშნულ დერეფანში სამი მცირე ზომის დარბაზია წარმოდგენილი, რომელთაგან  ორში  მშრალი სივრცის არსებობაა მოსალოდნელი.

მეორე სიფონის მიღმა ვიზუალურად მოხერხდა სხვადასხვა ფორმისა და სიღრმის ჩაღრმავებების დათვალიერება, სადაც შეინიშნება ზემოდან ჩამონაზვავი (ნაშალი) ლოდნარის არსებობა.

მეორე და მესამე სიფონებს შორის მნიშვნელოვანი სიდიდის დარბაზია, საიდანაც  მღვიმის მშრალ მონაკვეთში გასვლის დიდი ალბათობაა მოსალოდნელი. აქვე აღმოჩნდა უცნობი სიფონური ნაწილის შესასვლელი, რომელიც პერპენდიკულარულად მიემართება სიფონური მონაკვეთის მთავარი დერეფნისაკენ.

მესამე სიფონს მიღმა ნახევრად დატბორილი დერეფანია, რომელიც აკავშირებს პირველ და მეორე სიფონებს შორის არსებულ მთავარი დერეფნის მშრალ ნაწილს.

ეს დერეფანი მთავრდება მეოთხე სიფონით, რომლის კვლევა ა. წ. ზაფხულის საექსპედიციო სეზონისათვის არის დაგეგმილი.