ზოგადი მიმოხილვა

 

საქართველო მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავ, აზოვის და კასპიის ზღვებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე, რომელსაც კავკასია ეწოდება.

 

კავკასიის მთავარი ოროგრაფიული ერთეული, კავკასიონი, მას ორ - იმიერ და ამიერკავკასიად ჰყოფს. საქართველო ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მოქცეულია ჩ.გ. 41°07, - 43°35, და ა.გ. 40°04, - 46°44, შორის.

 

საქართველოს ფართობია 69,7 ათასი კვ.კმ., მოსახლეობა 4,394 ათასი კაცი.

 

საქართველოს ოთხი სახელმწიფო ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან რუსეთი (815 კმ), აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი (460 კმ), სამხრეთიდან სომხეთი (197 კმ), სამხრეთ-დასავლეთიდან თურქეთი (248 კმ).

 

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მის როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობას განაპირობებს. მასზე გადის ევროპისა და წინა აზიის, ახლო აღმოსავლეთის, შუა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი გზები. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მსოფლიო მნიშვნელობის ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰდენიზის გაზსსადენი.

 

ზღვისპირა მდებარეობა კიდევ უფრო ზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობას. შავ ზღვაზე არსებული ფოთის, ბათუმის და სოხუმის (ამჟამად დაკეტილია) პორტების მეშვეობით საქართველო მთელ მსოფლიოს უკავშირდება.

 

საქართველო მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის 53% მთებს უკავია, 33% - მთისწინებსა და გორაკ–ბორცვებს, ხოლო დაბლობებზე 13% მოდის. უმაღლესი მწვერვალია შხარა - 5203 მ. (ზოგიერთი მონაცემით - 5201 მ., 5068 მ.), რომელიც კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის საშუალო სიმაღლეა 1230 მ. საქართველო მკვეთრად განსხვავებული რელიეფის მქონე სამი მხარისაგან შედგება. ესენია:

1. კავკასიონი, რომელიც თავის მხრივ დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყოფა. ის მოიცავს მყინვარებით დაფარულ მაღალმთიან სარტყელს, ხეობებს და ქვაბულებს.

2. მთათაშორისი ბარი, რომელიც ლიხის ქედით ორ ნაწილად იყოფა - კოლხეთის და ივერიის ბარად. ორივე ნაწილი ძირითადად ვაკე ბორცვიანია, მაგრამ ზოგიერთი უბანი დაბალი და საშუალო მთიანია. აქაა თავმოყრილი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (88%).

3. მცირე კავკასიონი, აქ უფრო დაბალი მთებია გავრცელებული ვიდრე კავკასიონზე, აქ ასევე გვხვდება ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე ზეგნები და მათ ზედაპირზე აღმართული ჩამქრალი ვულკანური კონუსები.

 

საქართველოს ჰავა ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად მეტად მრავალფეროვანია. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი ხელს უშლის ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას და ამით უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ჰავას ჩამოყალიბებაში, შავი ზღვა არბილებს საქართველოს კლიმატს და ხელს უწყობს ნალექების დიდი რაოდენობით გამოყოფას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ხოლო მცირე კავკასიონი ნაწილობრივ აფერხებს სამხრეთიდან მშრალი და ცხელი ჰაერის მასების შემოჭრას. აქ ჰავის ორი, დასავლეთ საქართველოს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული და აღმოსავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კონტინენტურიდან ზღვის ჰავაზე გარდამავალი ოლქი და სამხრეთ საქართველოს მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო ჰავაზე გარდამავალი ქვეოლქი გამოიყოფა.

 

საქართველო წყლის რესურსებით (მდინარეებით, ტბებით, მყინვარებით, ჭაობებით და მიწისქვეშა წყლებით) მდიდარი ქვეყანაა.

 

საქართველოს მდინარეები შავი და კასპიის ზღვის აუზებს მიეკუთვნება. შავი ზღვის აუზის მდინარეების ქსელი, ატმოსფერული ნალექების სიუხვის გამო, გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე კასპიის ზღვის აუზის მდინარეების. ამავე დროს ისინი გაცილებით უფრო წყალუხვნი არიან, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები.