ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება

 

თანამშრომლები:

1. კობა ხარაძე - განყოფილების გამგე

2. რევაზ ხაზარაძე - უფროსი მეცნიერი

3. ელენე სალუქვაძე - უფროსი მეცნიერი

4. თამილა ჩალაძე - მეცნიერი

5. თამარ ხარძიანი - მეცნიერი

6. ზაზა გულაშვილი - მეცნიერი
7. ვალერი კეკენაძე - ლაბორანტი
8. ქეთევან გოგიძე - ლაბორანტი

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება თავდაპირველად შეიქმნა ლანდშაფტმცოდნეობის ჯგუფის სახით (ხელმძღვანელი პროფ. დ. წერეთელი 1962 წლამდე, დ. უკლება - 1973 წლამდე), შემდეგ ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორიად, ხოლო 1981 წელს ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებად გარდაიქმნა. განყოფილებას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის (ორგზის) და სახელმწიფო პრემიებიის ლაურეატი დავით უკლება (1981 - 1989, 1995 - 1999), გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი ნანა სულხანიშვილი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ზურაბ სეფერთელაძე, კობა ხარაძე, იგორ ბონდირევი. 2009 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელია გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი ლომინაძე.

 

განყოფილების სამუშაო სფეროს წარმოადგენს გეოგრაფიული გარემოს ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსების (ლანდშაფტების) კვლევა, მათი წარმოშობის, სტრუქტურის, განვითარებისა და გავრცელების კანონზომიერებების დადგენა.

 

კომპლექსურ ფიზიკურ - გეოგრაფიულ (ლანდშაფტურ) კვლევას ყოველთვის შესაფერისი ადგილი ეკავა ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობაში.

 

სხვადასხვა დროს შესწავლილ იქნა საქართველოს ცალკეული რეგიონების  (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ქვემო იმერეთი, ზემო იმერეთი, აფხაზეთი და სხვ.) ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსები. ჩატარდა მათი ბუნებრივი პირობების კომპლექსური გეოგრაფიული დახასიათება, გამოვლინდა ბუნებრივი რესურსები და დადგინდა ფიზიკურ – გეოგრაფიული რაიონები.

 

პირველად შეიქმნა “საქართველოს ლანდშაფტური რუკა” და “საქართველოს ფიზიკურ - გეოგრაფიული დარაიონების რუკა” (გამოქვეყნდა “საქართველოს სსრ ატლასში”, მოსკოვი, 1964 წ.). საშუალომასშტაბიანი (1: 600 000)N “საქართველოს ლანდშაფტური რუკა” (დ. უკლება, ქრ. ჯაყელი, მ. სანებლიძე, თბილისი, 1970), “ამიერკავკასიის ლანდშაფტური რუკა” (ხელმძღვანელი დ. უკლება).  განყოფილებაში პროფ.  დ. უკლებას მიერ შემუშავდა მთიანი მხარეების  ლანდშაფტების კვლევის მეთოდიკა და შესრულდა ფიზიკურ – გეოგრაფიული დარაიონება. 

 

განყოფილებაში ტარდებოდა საქართველოს მცენარეულობისა და ნიადაგების გეოგრაფიული გამოკვლევა. ბოტანიკურ - გეოგრაფიულად შესწავლილია ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი.

 

მნიშვნელოვანი შრომებია შესრულებული საქართველოს ნიადაგების გეოგრაფიაში. ეს მუშაობა იმთავითვე დაიწყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა ნ. კლოპოტოვსკიმ, შემდეგ კი კვლევა - ძიება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ე. ნაკაიძემ გააგრძელა.

 

განყოფილებაში მიმდინარეობდა, აგრეთვე სამედიცინო - გეოგრაფიული კვლევები. გამოკვლეულ იქნა პარაზიტულ დაავადებათა გავრცელების გეოგრაფიული პირობები. შეიქმნა შრომა: ‘‘ანკილოსტომიდოზების გავრცელების ლანდშაფტური კანონზომიერებანი” (ნ. სულხანიშვილი, 1978). ასევე მიმდინარეობდა მუშაობა - ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელების გეოგრაფიულ კანონზომიერებებზე საქართველოში. რაც გულისხმობდა დაავადებათა გეოგრაფიული კვლევის მეთოდების დამუშავებას, კორელაციების ძებნას ავთვისებიან სიმსივნეებსა და ბუნებრივ - სოციალურ - ეკონომიკურ ფაქტორებს შორის, გარემოს დაჭუჭყიანების როლსა და მნიშვნელობას ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოშობასა და გავრცელებაში.

 

გეოგრაფიის აქტუალური საკითხებისადმი იყო მიძღვნილი განყოფილების თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამეცნიერო - კვლევითი ნაშრომები: “საქართველოს ტერიტორიის ლანდშაფტურ – ეკოლოგიური ანალიზი”;

 

შედგენილია საქართველოს საშუალომასშტაბიანი (1 : 400 000) ლანდშაფტურ - ეკოლოგიური რუკა.

 

“საქართველოს რეგიონული ლანდშაფტურ - ეკოლოგიური და ბუნებათსარგებლობითი პრობლემები”.

 

“საქართველოს ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია და ეკოსისტემების ევოლუცია”, სამუშაოს ერთ - ერთი ეტაპი დასრულდა მონოგრაფიით - “თბილისის და მისი შემოგარენის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია”.

 

ამჟამად განყოფილება მუშაობს თემებზე:

“საქართველოს ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესებით შეცვლილი ლანდშაფტების დინამიკა  ბოლო 100 წლის მანძილზე“;

“კლიმატისა და გარემო პირობების ცვალებადობა საქართველოს ტერიტორიაზე გვიან…პლეისტოცენსა და ჰოლოცენში”;

“საქართველოს მუქწიწვიანი ლანდშაფტები”.