ჰიდროლოგია–კლიმატოლოგიის განყოფილება

 

თანამშრომლები:

 

1. დალი მუმლაძე - განყოფილების გამგე
2. ვახტანგ გელაძე - უფროსი მეცნიერი
3. ნინო მაჭავარიანი   - უფროსი მეცნიერი
4. თამაზ ყარალაშვილი - უფროსი მეცნიერი
5.
ნინო ლომიძე - მეცნიერი
6. გივი გაგუა - მთავარი სპეციალისტი

7. ნანა გეთიაშვილი - ინჟინერი

8. რევაზ სოლომონიძე - ინჟინერი

 

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება შეიქმნა 1958 წელს. 1980 წლამდე მას ხელმძღვანელობდა პროფ. ლ. ვლადიმიროვი. 1980 წელს განყოფილება გაიყო ორად - ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის განყოფილებებად. 1980-1995 წლებში ჰიდროლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა პროფ. გ.გიგინეიშვილი.


1958 წლიდან, ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის განყოფილების შექმნის შემდეგ, ჩატარდა დიდი სამუშაო მთლიანად საქართველოსა და კავკასიის ცალკეული რეგიონების მდინარეთა აუზების ჰიფსომეტრიული მახასიათებლების განსაზღვრისათვის, რომელიც შემდგომი ჰიდროლოგიური კვლევების საფუძველი გახდა. გამოიცა ლ.ვლადიმიროვის მეთოდური ხასიათის მონოგრაფიები: "საქართველოს მდინარეთა საშუალო ჩამონადენი", "საქართველოს მდინარეთა საზრდოობა და ჩამონადენის შიგაწლიური განაწილება" (1962, 1964).

 

განყოფილებაში მომზადდა მაღალკვალიფიციურ ჰიდროლოგთა კადრები, რამაც განაპირობა ჰიდროლოგიური კვლევის პროგრამის გაფართოება საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში. შესწავლილ იქნა მიწისქვეშა ჩამონადენი საქართველოს ტერიტორიაზე (ლ.ვლადიმიროვი, გ.გიგინეიშვილი, მ.ჩიჯავაძე, რ.შენგელია, დ.შაქარიშვილი, 1964). ფართოდ გაიშალა გამოკვლევები ლიმნოლოგიაში (ი.აფხაზავა). გამოვიდა მონოგრაფია, რომელიც მიეძღვნა კავკასიის წყალსატევებიდან აორთქლების პრობლემას (ვ.გვახარია). დამუშავდა კარსტის კვლევის მეთოდური სისტემა (გ.გიგინეიშვილი) და მყარი ნატანის კვლევის მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს საინჟინრო-პეტროგრაფიული მეთოდების გამოყენებას (ნ.მაჭავარიანი). განყოფილების თემატიკაში დიდი ადგილი ეთმობა წყლის ბალანსისა და მისი სტრუქტურის კვლევის საკითხებს. გამოვიდა მონოგრაფია - "კავკასიის წყლის ბალანსი და მისი გეოგრაფიული კანონზომიერებანი" (ლ.ვლადიმიროვი, გ.გიგინეიშვილი, ალ.ჯავახიშვილი, ნ.ზაქარაშვილი, 1991), რომელსაც მიენიჭა ალ.ჯავახიშვილის სახ. პრემია. ბალანსური კვლევების შედეგები საფუძვლად დაედო წყალსამეურნეო ბალანსების შედგენას (ნ.კეზევაძე).

 

 

ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკით უზრუნველყოფის შემდეგ შესაძლებელი გახდა ჰიდროლოგიურ გამოკვლევებში მათემატიკური მოდელირების მეთოდების ფართოდ გამოყენება. შესწავლილ იქნა კავკასიის მდინარეთა მრავალწლიური ჩამონადენის რყევა (ვ.გელაძე) და საქართველოს მდინარეთა წყალმოვარდნების პროგნოზირების საკითხები (ნ.ბოლაშვილი). 

 

 

1994 წლიდან განყოფილებაში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. განყოფილების თანამშრომლებმა (გ.გიგინეიშვილი, ვ.გელაძე, ალ.ჯავახიშვილი, ნ.ზაქარაშვილი) მიიღეს ჯორჯ სოროსის ფონდის გრანტი, რომელიც მოხმარდა კომპიუტერული ტექნიკის შეძენას. შეიქმნა საქართველოსა და მისი ცალკეული რეგიონების სხვადასხვა მასშტაბის ორ- და 3-განზომილებიანი გეოსაინფორმაციო სისტემების საფუძვლები და ჰიდროლოგიურ მონაცემთა ბაზები. განყოფილების თანამშრომლები (ვ.გელაძე, ალ.ჯავახიშვილი, ნ.მაჭავარიანი) მონაწილეობდნენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დერეფნის ჰიდროლოგიური ანგარიშის შედგენასა და ექსპერტიზაში.განყოფილების წევრი (ნ.ბოლაშვილი) მონაწილეობდა კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო კურსების მუშაობაში (ისრაელი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).

 

2002 წელს განყოფილებამ გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გამოსცა საქართველოს 1:800000 მასშტაბის 3-განზომილებიანი რუკა (ვ.გელაძე, ალ.ჯავახიშვილი, დ.ქართველიშვილი). აღნიშნული რუკა არის ამ ტიპის რუკის შედგენის პირველი მცდელობა.

 

2002 წელს განყოფილების წევრებმა მიიღეს კავკასიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრის გრანტი თემაზე: "მდ.არაგვის აუზის ჰიდროლოგიური საინფორმაციო სისტემის შექმნა".

 

2002 წელს განყოფილების თანამშრომელი (ნ.ბოლაშვილი) დაჯილდოვდა პრეზიდენტის სტიპენდიით.

 

2006 წელს გამოიცა საქართველოს 1:500000 მასშტაბის 3-განზომილებიანი რუკა. ეს უკანასკნელი გახდა ჰიდროლოგიური საინფორმაციო სისტემის საფუძველი, რომლის მონაცემთა ბაზების შედგენაში მონაწილეობა  მიიღო მთელმა განყოფილებამ.

 

 

2006 წლის სექტემბერში, ინსტიტუტში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, ამ ორი განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ,,ბუნებრივი რესურსების, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და ექსპერტიზის განყოფილება”. 2009 წლის ოქტომბერში, მოხდა ინსტიტუტის ერთ-ერთი ძირითადი ტრადიციული განყოფილების - ,,ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის” რესტავრაცია, სადაც წლების მანძილზე მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები – ლ. ვლადიმიროვი, მ. კორძახია, თ. დავითაია და სხვ., რომელთა მიერ განყოფილებაში მომზადდა მაღალკვალიფიციური კადრები ჰიდროლოგიასა და კლიმატოლოგიაში. ამავდროულად გამოიცა ლ. ვლადიმიროვის, გ. გიგინეიშვილის, ვ. გვახარიას და სხვ. მონოგრაფიები ჩამონადენის ელემენტებისა და წყლის ბალანსის კვლევის შესახებ საქართველოსა, და მთლიანად კავკასიის რეგიონისათვის; გამოკვლეულ იქნა საქართველოს მდინარეებზე წყალდიდობების და წყალმოვარდნების და ასევე, მყინვარებისა და ტბების რეჟიმები. 

განყოფილებაში შესრულებული მონოგრაფიებიდან აღსანიშნავია: მ. კორძახიას ფუნდამენტური ნაშრომი ,,საქართველოს ჰავა”, 1961 წ., რომელიც დღესაც საქართველოს ბუნების ყველა მკვლევარის სამაგიდო წიგნია; ასევე თ. დავითაიას ნაშრომი - ,,О возможном влиянии запыленности атмосферы на уменьшение ледников и потепления климата” (1961) М. Атмосфера и биосфера –прошлое, настояшее, будущее.


განყოფილების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კლიმატის ცვლილების პრობლემა წარმოადგენს, რომელსაც არა ერთი მონოგრაფია მიეძღვნა. მათ შორის:
• დ. მუმლაძე - ,,საქართველოს კლიმატის თანამედროვე ცვლილება” 1991,
• კ. თავართქილაძე, და სხვ. ,,საქართველოს მიწისპირა ტემპერატურული ველის ცვლილების ემპირიული მეთოდი” 1999.

             

პერსპექტიული კვლევები;

1. გლობალური დათბობის ფონზე საქართველოს თანამედროვე კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ცალკეულ ეკოსისტემებზე
(მყინვარი, წყალსატევი, ტყე და ა.შ.);

2. თერმული ანომალიების მქონე ექსტრემალური წლების კლიმატური სტრუქტურის და სინოპტიკური პროცესების გენეზისის დადგენა;

3. საქართველოში სამთო-სათხილამურო ტურიზმის უკეთ განვითარებისათვის მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების თოვლის რეჟიმის შესწავლა დროსა და სივრცეში. ეს უკანასკნელი გულისხმობს ახალი შესაბამისი არეალების შერჩევასაც;

4. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების (აჭარა, გურია, კახეთი და სხვა) გარემოს ეკოლოგიური შეფასება (ძირითადად ატმოსფეროს გაჭუჭყიანების კრიტერიუმით);

5. მთიანი რეგიონების კლიმატურ-ლანდშაფტური პოტენციალის შეფასება და მათი სამეურნეო მნიშვნელობა;

6. ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების (წაყინვების, თავსხმა წვიმების და სხვ.) შეფასება და პროგნოზირება მეურნეობის ცალკეული დარგებისათვის;

7. საქართველოს ისტორიული კლიმატის შესწავლა დენდროქრონოკლიმატოლოგიური მეთოდით;

8. საქართველოს წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის შექმნა;

9. საქართველოს წყლის რესურსების ატლასის შედგენა და გამოცემა;

10. საქართველოს მდინარეების მყარი ჩამონადენის შესწავლა.